29 მარტს სოფელ ზემო ყულარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მარნეულის მერიის მიერ პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგების წესს აპროტესტებდნენ. მოსახლეობა ამბობდა, რომ მერია დახმარებებს არასწორად ანაწილებს.
ზემო ყულარელების პროტესტს მარნეულის მერი ზაურ დარგალი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:
„მეგობრებო, დარიგებული დახმარება სპეციალური კონტროლის ქვეშაა, ფოტოები და სია პირადად მე მომდის. რა თქმა უნდა, რამდენსაც მოვახერხებთ დავეხმარებით ყველას. მაგრამ, ასეთ დაძაბულ მადგომარეობაში ადამიანების გრძნობებით ვინც თამაშობს და ზემო ყულარის მოსახლეობის, ასეთ სარისკო დროს, ერთად შეკრების მიზეზი ვინც გახდა იცოდა, რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ამ მდგომარეობის გამოყენებით საქმის გაკეთების მაგივრად პოლიტიკური ქულის შემგროვებლებმაც იცოდნენ, რომ ჩვენ მიზანი გვაქვს და ის მოსახლეობის დაცვაა და არა თქვენსავეთ ქულის დაგროვეა. ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, მარნეულელბისთვის მომუშავე ექიმებს, პოლიციელებს, თანამშრომლებს, ახალგაზრდებს ვუხდი მადლობას. ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ, დარჩით სახლში!ყველაფერი კარგად იქნება!“ – წერს მარნეულის მერი.
Dostlar, paylanan yardımın hər biri xüsusi nəzarət altındadır və şəkilləri, siyahıları şəxsən mənə gəlir. Əllbətdəki,…
Posted by Zaur Darğallı on კვირა, 29 მარტი, 2020
მარნეულის მერიამ, ამ დროისათვის, სასურსათო პროდუქტით 1 000-მდე ოჯახი მოამარაგა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.
აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.