ბოლნისის მერია: სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები “წითელი ჯვრის” ოფისში გაიცემა

494

ბოლნისის მერია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემაზე ინფორმაციას ავრცელებს.

“მოსახლეობის საყურადღებოდ! ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული სკარანტინო მდგომარეობის შედეგად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება დროებით შეეზღუდათ.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა, ნაცვლად თბილისისა და რუსთავისა იწარმოებს ქ. ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის N123-ში, „წითელი ჯვრის“ ოფისში.

მედიკამენტების აღება ბენეფიციარებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ.

გთხოვთ, მედიკამენტების მისაღებად დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 593 151 377,”- ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.