ბოლნისის მაჟორიტარი: არც ერთ მაღაზიას არ უთქვამს, რომ შეფერხება აქვს სურსათის შემოტანასთან დაკავშირებით, ძირითად პროდუქტებზე შენარჩუნებულია ფასებიც

411

სასურსათო უზრუნველყოფის სისტემა გამართულად არის აწყობილი, პრაქტიკულად არც ერთ მაღაზიას არ უთქვამს, რომ რამე შეფერხება აქვს სურსათის შემოტანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შედარებით მცირე მაღაზიებში არის პროდუქტებზე  ფასმატების შემთხვევები.

„ჩვენ ამოვედით დაბა კაზრეთში, რათა ადგილზე მიგვედევნებინა თვალყური ჩვენი სასურსათო მაღაზიების სურსათით უზრუნველყოფის პროცესთან, გარდა ამისა გადაგვემოწმებინა ფასების ზრდის მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ სასურსათო უზრუნველყოფის სისტემა გამართულად არის აწყობილი, პრაქტიკულად არც ერთ მაღაზიას არ უთქვამს, რომ რამე შეფერხება აქვს სურსათის შემოტანასთან დაკავშირებით. ძირითად პროდუქტებზე ასევე შენარჩუნებულია საგანგებო მდგომარეობამდე არსებული ფასები. იცით, რომ მთავრობამ ცხრა ძირითად პროდუქტზე დააზღვია ფასები კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ძირითად პროდუქტებზე კურსის სხვაობა უნდა იქნეს ანაზღაურებული მეწარმეებისთვის მთავრობის მიერ და ქსელებში რაიმე სახის ცვლილება ფასთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს. ჩვენ მოქალაქეებისგან შემოგვდის განსხვავებული ინფორმაციებიც, განსაკუთრებით შედარებით მცირე სოფლებიდან და მე მინდა ჩვენი მაღაზიის მეპატრონეებს იმ სოფლებიდან რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე არსებული ფასები, დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ბიზნესი ავაწყოთ ჩვენი მოქალაქეების გასაჭირზე. არასდროს არ არის ამის დრო, თუმცა დღეს ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. მე ყველას ვთხოვ, რომ შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციული ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ ამ მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, ფასნამატები ძირითადად გამოწვეულია საცალო ქსელში და არა მომწოდებლების მხრიდან და ამ მიმართულებით ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, პირველ რიგში ეწევიან ახსნა განმარტებით სამუშაოებს. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს შედეგი ექნება, თუმცა მზად ვართ, რათა სათანადო ორგანოების ჩართულობით აღვკვეთოთ დაზღვეულ პროდუქტებზე ფასების მატება“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ამასთან ბოლნისის მაჟორიტარის თქმით, საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის ფაქტებზე შსს-მ მონიტორინგი გააძლიერა.

„საკარანტინო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით შსს-მ გააძლიერა მონიტორინგი, გუშინ 19 ადამიანი იქნა დაჯარიმებული სამი ათასი ლარით, 20 ზე მეტი ადამიანია დღეს შუა დღის მონაცემებით უკვე დაჯარიმებული. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული საკმაოდ მსხვილი ჯარიმები. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველი ადმინისტრაციული ზემოქმედების შემდეგ უკვე მეორე შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.