ბორჯომში მტკვრის 26-კილომეტრიანი მონაკვეთი ნარჩენებისგან გაიწმინდება

521

ბორჯომში მტკვრის 26-კილომეტრიანი მონაკვეთი ნარჩენებისგან გაიწმინდება.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მტკვრის ნაპირების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს დასუფთავების ღონისძიებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მათ სოფელ კორტანეთში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურის უშუალო ჩართულობით სამი დღის წინ დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

”მტკვრის ნაპირების დასუფთავების ღონისძიება წელს მესამედ ტარდება. წლიდან წლამდე უამრავი ნარჩენი გროვდება და მდინარის ნაპირებს მნიშვნელოვნად ანაგვიანებს. ბორჯომი ტურისტულად მზარდი ქალაქია და მისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სუფთა გარემო. ადგილობრივი თვითმმართველობა აგრძელებს ტრადიციას და ამჯერადაც გარემოსდაცვითი აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წლის ბოლომდე განხორციელდება”, – განცხადა გამგებელმა.

მტკვრის ნაპირების დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად 10 ადგილობრივი დასაქმდა. ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ დაფინანსდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი