სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული. ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.
„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება, შეკრებები და ასე შემდეგ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც „კომენდანტის საათის“ შემოღება. არამედ, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები. ღონისძიებები, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ დაცულად იგრძნოს თავი თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი“,-განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, დღეიდან სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება და ზომები მკაცრდება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.