ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული: თუ მითითებებს არ დავემორჩილებით, კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს

834

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ხალხი მითითებებს არ დაემორჩილება, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს.

“შემოწმდება ეს ხალხი, თუმცა ყველა მცდელობა, ყველა დაგეგმილი აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, რაც ზოგადად, შეთანხმებულად ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლისა და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება, ფუჭი იქნება, თუ მოსახლეობა, ხალხი კიდევ უფრო მეტად ადეკვატური არ იქნება. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გუშინდელი ინფორმაციიდან დადასტურდა შიდა გადაცემები და წყარო დადგენილი არ არის, ამიტომ არგუმენტი იმისა, რომ 4 დღე, ერთი კვირა სახლში ვარ და მომეწყინა, არგუმენტი არ არის. თუ მითითებებს არ დავემორჩილებით, მოგვიწევს კვირები და თვეები უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა. ამიტომ, ყველას მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება მოითხოვს, მითითებებს დავემორჩილოთ, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახებსა და ქვეყანას“,-აცხადებს რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.