ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ.
სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ.
„დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პერიოდში მსგავსი დახმარება და ჩვენს შეჭირვებულ მოქლაქეებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სურსათის დარიგების აქცია კვლავ გაგრძელდება და სხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს”, – განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.