ასლან ბჟანია: საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება

928

საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებები გაგრძელდა და საქართველოს ხელისუფლებას ახალი რეალობის აღიარებისკენ მოუწოდა.

„ომის შემდეგ სიტუაცია არასოდეს არის ისეთი, როგორც ომამდე იყო. ომი ცვლის საზღვრებს. ნუთუ შესაძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია? ეს შეუძლებელია. საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება. არის პროცესები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია და ისტორიის ნაწილი ხდება. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას არ აღიარებენ, თუმცა მსოფლიომ აღიარა ეს, ვინაიდან მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს რეალობაა. რაც უფრო ადრე აღიარებს საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რეალობას, მით უფრო მალე ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ჩენ ამაში დაინტერესებულნი ვართ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ გახდება ვინმესთან მოლაპარაკებების საგანი“.

22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ხელმეორედ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ  გაიმარჯვა.