ბათუმის ქუჩების დეზინფექცია იწყება

471

ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დღეს დაიწყება.

გუშინ დაგეგმილ სამუშაოებს ხელი ამინდის გაუარესებამ და წვიმამ შეუშალა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საღამოს 23:00 საათიდან პირველ ეტაპზე ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, გოგებაშვილისა გრიბოედოვის და პუშკინის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია მოხდება, სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საღამოს საათებში სახლიდან არ გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.