შპს “სუფთა მარნეული”: კარანტინის შემდეგ მარნეულში ნარჩნების რაოდენობა გაიზარდა

1375

შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე აცხადებს, რომ მუნიციალიტეტში ნარჩენების რაოდენობა, კარანტინის შემდგომ თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

„ნარჩენების რაოდენოა გაიზარდა. რაც კარანტინი გამოცხადდა და ხალხი სახლშია, უფრო მეტი დაემატა. ორმაგი შრომა გვიწევს, გუშინაც ღამე, 23:00 საათზე, მივედი სახლში,“ – ამბობს ლერი მუმლაძე.

მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს სულ 6 ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება.

მეოთხე დღეა, რაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა:

• შეიზღუდა მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი.

• ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

• მუნიციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით შეიზღუდა გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

• მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეები შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.