ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ყველა მრავალშვილიანი ოჯახი ნობათებს მიიღებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები დურიგდებათ.
აქცია, ქუთაისის მერიისა და მოხალისეების ჩართულობით ხორციელდება.
“ქუთაისის სპორტის სასახლეში კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში. ამჯერად ნობათები გამზაფდდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ნობათები ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ყველა ოჯახში დარიგდება რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ,” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
მათივე ცნობით, ნობათები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოხუცებს, მარტოხელა მშობლებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.