შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია, – ეს განცხადება მხარის რწმუნებულმა რეგიონის სოფლების შემოვლის შემდეგ გააკეთა.
გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას აგრძელებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები.
„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, იქნება ეს ახალი ნერგების დარგვა, მიწის სავარგულების დამუშავება, საგაზაფხულო ნათესები, ხეხილის ბაღების სხვლა თუ წამლობა. სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენენ, ფუნქციონირება არ შეუწყდათ და არსებული რეკომენდაციების დაცვით მუშაობენ, შესაბამისად, მეურნე-ფერმერებს საშუალება აქვთ, საქმიანობა აგრო-ვადების დარღვევის გარეშე აწარმოონ. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით დადგება ჩვენი პროდუქციის საჭიროების საკითხი და ამ ფონზე, ჩვენი ფერმერების საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. რეგიონის სოფლებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები,“ – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.