საკარანტინე მდგომარეობის გამო ბოლნისის მერიაში 24-საათიანი ცხელი ხაზი შეიქმნა

732

საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, – ამის შესახებ ინფორმაცია ბოლნისის მერიამ “ფეისბუქზე” დღეს გამოაქვეყნა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 551 022 099.

საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი შტაბის წევრები კი უზრუნველყოფენ, მათი საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დროულ რეაგირებას.

შტაბის წევრები დაკომპლექტებულნი არიან სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტისებისგან, რაც უზრუნველყოფს მოსახელობისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიწოდებას.

აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 13 74 54

სომხურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 49 95 89

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერიის კანცელარიასთან დასაკავშირებლად დარეკეთ: 0358 222 555

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა დარჩეს სახლში და დაიცვას საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა, მათ შორის, მატარებლითაც.