ქედის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილებით მოსახლეობის გადაადგილებას მოემსახურებიან

601

ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილებით მოსახლეობის გადაადგილებას მოემსახურებიან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ დაწერა.

“ძვირფასო ქედელებო!საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული.

ბოლო დღეებში, ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით.

თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, არ გყავთ პირადი ავტომობილი და გსურთ დაბაში გადმოადგილდეთ სურსათის შესაძენად, ან და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის, თქვენს თანასოფლელებთან ერთად, ერთობლივად მიმართეთ მერის წარმომადგენელს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 595084331”, – წერს გორგილაძე.

სოფლებში გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა, რაც, ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა, ხოლო ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.