25 მარტიდან ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით უფასო გახდა

753
ზუგდიდის მერი, ვიცემერი და მეორე მოადგილე

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

“25 მარტიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული ”, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაავდგილდეთ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას“,- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს. მერმა, ასევე, ისაუბრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის გადაცემაზე, რომლის დარიგებაც 25 მარტს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.