სოხუმში ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

556

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ 23 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ „არჩევნებში“ გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რით დაიწყებს მუშაობას თანამდებობაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. მთავრობაში პერსონალური შემადგენლობა შეიცვლება. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ „მთავრობას“ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დანიშნავს თუ არა ვიცე-პრემიერად მის კონკურენტს „საპრეზიდენტო არჩევნებისას“ ადგურ არძინბას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მასთან ჯერ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ხელმეორედ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანიამ  გაიმარჯვა. 

ოკუპირებული აფხაზეთის წინა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ „პრეზიდენტის“ პოსტი მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ფონზე, 12 იანვარს დატოვა. ადგილობრივმა სასამართლომ კი 2019 წლის სექტემბრის ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგები გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.