შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.
საგანგებობო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.
„ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.
ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.
საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.