ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული: მოძრავი ჯგუფები ეთნიკურ ენაზე მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევენ მოსახლეობას

454

ვადასტურებ, რომ ყველა რგოლი ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებაში. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

„ამანაც თავის შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება. დღეს დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ ამ თვალსაჩინო მასალას, რათა კიდევ მეტმა გაიგოს ამ გამოწვევის შესახებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.