კორონავირუსის გამო ბათუმის ბულვარში შეზღუდვები დაწესდა

453

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე წესდება შეზღუდვები დაწესდა. განცხადებას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბულვარის ტერიტორიაზე შემდეგი შეზღუდვები წესდება:

• სპორტულ-გასართობი მოედნებით სარგებლობა;
• ძველ და ახალ ბულვარში საბავშვო ატრაქციონებით სარგებლობა;
• სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორებით სარგებლობა;
ამასთანავე :
• დახურულია სკეიტ-პარკი, ჩოგბურთის მოედანი, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბი „ნონა”;
• შეჩერებულია ბათუმის ბულვარის ტერიორიაზე არსებული კაფე-ბარების ფუნქციონირება;

„მაქსიმალურად შეზღუდეთ ბულვარში სეირნობა. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიცავით სოციალური დისტანცია, ბათუმის ბულვარში არსებულ საპარკე ინსფრასტრუქტურაზე შეხების დროს კი, მაქსიმალურად დაიცავით დეზინფექციის ნორმები“- წერია ბულვარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.