დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.
მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტას“ გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და ყურადღება მის სოციალურ დატვირთვაზე გაამახვილა. მისი თქმით, პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან „საქართველოს ფოსტა“ ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ. „ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს ფოსტის“ კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.