გორის წისქვილკომბინატი სრული დატვირთვით მუშაობს, პურის ფქვილის პრობლემა არ დგას, – ეს განცხადება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გორში მოქმედ წისქვილკომბინატში მუშაობის პროცესს და არსებულ რესურსებს გაეცნო.
„დეტალურად გავეცანით წარმოების პროცესს, არსებულ რესურსებს, მარაგებს და შემიძლია გითხრათ, რომ ფქვილის მარაგის პრობლემა არ დგას, მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება. რაც მთავარია, უახლოეს დღეებში, საწარმო კიდევ 10 000 ტონის დამატებას გეგმავს“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოებიდან ყოველდღიურ რეჟიმში გაიცემა საკვები მოსარგებლეებზე, ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.