სახელმწიფო რწმუნებულმა ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა

745

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რწმუნებული სოფელ ფაყს და ბულეშს ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა, ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დახმარება აღუთქვა.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მაცხოვრებელი ჩვენს რეგიონში თავს დაცულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს საკვების, მედიკამენტის და პირველადი მოხმარების საშუალებების პრობლემა, პირადად გავეცანი ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ოჯახების საჭიროებებს, სადაც მაღალი თვითშეგნებით გამოირჩევიან ადამიანები, გავაცანი მათ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები, იცავენ მითითებებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან ურთიერთობა,მინდა მოვუწოდო ყველას რომ დარჩნენ სახლში, რათა დროულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”, – აღნიშნავს რწმუნებული.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. ხვალიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.