რა რეგულაციები დადგინდა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის დროს

1315

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ ან/და შეუძლიათ განახორციელონ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობა, ასევე, შეუძლიათ განახორციელონ  საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, ვალდებული არიან:

ა) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებით ჩარტერული ფრენის განხორციელება საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში ჩამოყვანის ან/და შესაბამისი ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) უზრუნველყონ მოთხოვნილი მიმართულებებით (საქართველოს მასშტაბით)  შესაბამისი პირების საკარანტინო ზონებში განთავსების მიზნით საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანა, ან/და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილამდე;

გ) გამოყონ  სასტუმრო ან/და განთავსების მსგავსი საშუალებები (უზრუნველყონ ყველა თანმდევი  სერვისები) კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში  განთავსებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო  პირობების შექმნის მიზნით.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.