რომელი საქონლისა და პროდუქტის მიწოდება და რეალიზაცია არ შეჩერდა მთავრობის დადგენილებით

663

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, “საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;

დ) საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე;

ე) პრესის ჯიხურებისა.

დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე.წ. „დრაივის“) მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.

საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება, ასევე, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. საგანგებო მდგომარეობის ვადით დასაშვებია აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

“ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობა, მიუხედავად ფორმისა და სახისა, უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად”, – ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.