საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, ობიექტები, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები;
ბ) პერსონალის მიერ გამოყენებულ იქნეს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;
გ) პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;
დ) გაზრდილი სიხშირით მოხდეს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
ე) სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა).
ამასთან, ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით სურსათის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ან მონაწილეობს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;
ბ) სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
გ) სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.
გარდა ამისა, ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით;
ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირითა და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
გ) უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრისა) დაცვის გაკონტროლება.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.