კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ასპინძასა და ახალციხეში არსებული მეჩეთების რეაბილიტაცია, თურქულ მხარესთან ერთად უნდა მომხდარიყო, თუმცა მათ ამისი ინტერესი არ გამოუჩენიათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის სოფელ საყუნეთსა და ასპინძის სოფელ ოთაში არსებული მეჩეთების რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს დაანონსა, თუმცა ამ დრომდე არ განხორცილებულა. თემით „სამხრეთის კარიბჭე“ 2020 წლის თებერვალში დაინტერესდა.
რატომ შეჩერდა ისლამური სალოცავების რეაბილიტაციაზე საუბარი, ამის შესახებ, რედაქციამ სააგენტოდან პასუხი მასალის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოში არსებული ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაცია ქართულ-თურქული შეთანხმების ფარგლებში უნდა დაწყებულიყო. შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ერთობლივი სამუშაო გეგმის ამოქმედებას ითვალისწინებდა.
“თურქული მხარის მიერ ჯერ-ჯერობით არ არსებობს გამოკვეთილი ინტერესი სოფელ ოთასა და საყუნეთის საკულტო ნაგებობების ერთობლივად რეაბილიტაციის მიმართ. სხვა არქიტექტურულ ნაგებობებთან ერთად, ამ ძეგლებზე ქართველი და თურქი სპეციალისტების ჩართულობით სარეაბილიტაციო პროცესის დაწყებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თურქ კოლეგებს მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან სთავაზობდა“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, სარეაბილიტაციო ძეგლების საბოლოო შერჩევას სააგენტო მხარეთა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ვარაუდობს, რომელიც 2020 წელს, „ვირუსული პანდემიური ფონის ჩაცხრომის შემდეგ უნდა დაიგეგმოს“.