ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი უკმაყოფილოები არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, დღეიდან მათ გადაადგილება კორონავირუსის მასობრივად გავრცელების თავიდან ასარიდებლად აეკრძალათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მძღოლები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას და მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავას. ამბობენ, რომ ამ შეკრებას საპროტესტო აქციის ფორმა არ აქვს და თუკი საჭიროა, აკრძალვას დაემორჩილებიან. თუმცა განმარტეს – კერძო საფინანსო ორგანიზაციების ვალები აქვთ და შეღავათები, რომელიც სხვა ბანკებმა დააწესეს, მათზე არ ვრცელდება. სხვა შემოსავალი კი, როგორც აღნიშნეს, არ აქვთ.
მძღოლებმა თხოვნით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაეხმარონ რაიმე ფორმით და ბანკებთან უშუამდგომლონ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვდებიან ზუგდიდში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საკითხს განიხილავენ, თუ რისი შეთავაზება შეუძლიათ, ხელახლა შეიკრიბებიან და გააცნობენ გადაწყვეტილებას. მამუკა წოწერიამ მძღოლებს ვითარების ადექვატური აღქმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობას ესმის ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ ვირუსს ერთობლივად უნდა ებრძოლონ და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.
ზუგდიდის მერმა გიორგი სენგელიამ 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 18 მარტიდან კერძო მიკროავტობუსების გადაადგილება აიკრძალება მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც. მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება ქალაქში და გადანაწილდება სოფლების მიმართულებით.
ზუგდიდის გარდა, ეს აკრძალვა ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებზეც.
საქართველოში დღეისთვის კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა.