მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 18 მარტიდან კერძო მიკროავტობუსების გადაადგილება აიკრძალება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც. როგორც ზუგდიდის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება ქალაქში და გადანაწილდება სოფლების მიმართულებით.
როგორც გიორგი შენგელიამ განმარტა, ავტობუსები ივლიან ზუგდიდის ცენტრიდან ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე და პირიქით.
„ჩვენ არსებული რესურსით მოვახდენთ მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდებას. ჩვენი ტრანსპორტი მივა თითოეული სოფლის ცენტრამდე და მოახდენს მოქალაქეების გადმოყვანას ადმინისტრაციული ცენტრის მიმართულებით. ტრანსპორტის მომსახურების ხანგრძლივობა არ შეიცვლება, მხოლოდ მიმართულებებს გავზრდით.
ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება, თუმცა ეს გადანაწილდება მთელ მუნიციპალიტეტზე და შეუფერხებლად იმოძრავებენ ავტობუსები. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რეკომენდაციები მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს მოქალაქეების გადაადგილება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.