გრიგოლ ლილუაშვილი: პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

757

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებს საფუძვლიანად, ყურადღებით გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც საზოგადოებრივს ლილუაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა, მოტივირებული შენიშვნების შინაარსის გაცნობა, რა ნაწილშია უთანხმოება, რა ნაწილშია – განსხვავებული მოსაზრებები.

“პრეზიდენტის შენიშვნებს საფუძვლიანად, ყურადღებით გავეცნობით, ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ მგონია, რაიმე შენიშვნა იყოს. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზეპირსიტყვიერად გადმოგვცა, შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობებში დემოკრატიის პირობები უარესდება. თუკი სამოტივაციო ნაწილის ძირითადი საკითხი ესაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ვინაიდან, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მუნიციპალიტეტების გაერთიანებას უშვებს, ე.ი. ეს კანონიერი და დემოკრატიული პროცესია. ეს რომ არადემოკრატიულ ნაბიჯი იყოს, მაშინ ორგანულ კანონში დაშვება რატომ უნდა იყოს?”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის მიერ მიღებულ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო გუშინ დაადო. იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაიზიარებს, მას ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება.