ბორჯომში, სოფელ ყვიბისში დაბინძურებული წყალი მოდის

677

ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელ წყალს ვერ იყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანებიდან ყავისფერი შეფერილობის წყალი მოდის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ყვიბისელებს ყოველ გაზაფხულზე აწუხებთ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მაშინაა, როცა წვიმს.

დაბინძურებული წყლის ფოტოები და ვიდეო „სამხრეთის კარიბჭეს“ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა მიაწოდა.

„ამ პრობლემის შესახებ ყველამ იცის და მიმართვიანობას აზრი არ აქვს. ყოველ გაზაფხულზე ასეა“,– ამბობს ბაკურ გელაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყვიბისში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი მაგისტრალის მოწყობა იგეგმება. ტენდერი 436 083 ლარზე გამოცხადდება.

„პროექტი ითვალისწინებს ახალი სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობას. ქსელის მეშვეობით, მოხდება საფილტრ სადგურში ახალი წყაროების დამატება, რაც გაზრდის წყლის დებეტს. შედეგად, მოსახლეობა უკვე სუფთა, გაფილტრულ წყალს 24 საათიანი განრიგით მიიღებს“, – განგვიმარტეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გასულ წელს სოფელში შეიცვალა ორ კილომეტრიანი შიდა ქსელი.