ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადადიან. ისინი ადმინისტრაციულ შენობებში რჩებიან, თუმცა მოქალაქეებთან მობილურითა და ინტერნეტის საშუალებით იკონტაქტებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დღეიდან, 12 მარტიდან ბორჯომისა და ნინოწმინდის თვითმმართველობამ მოქალაქეებთან ურთიერთობის პირობები შეცვალა.
„მოქალაქეებთან კავშირი გვექნება სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით. შესაბამისად, ჩვენს საქმიანობასაც ძირითადად ელექტრონულ ფორმატში მოვაქცევთ. სადეზინფექციო სამუშაოებს კი, მუნიციპალიტეტში ხშირად ვატარებთ“,- ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბორჯომის მერიაშიც: „თავშეყრის ადგილები არ იქნება. მოსახლების მიღების საათები გვქონდა ოთხშაბათობით და დროებით შეიზღუდება, მხოლოდ ტელეფონით ვიურთიერთებთ“, – ამბობს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი.
მოქალაქეების მიღება დროებით შეიზღუდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.
რას აპირებენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები, ამის შესეხებ „სამხრეთის კარიბჭე“ მათგან ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება. თვითმმართველობებში ჯერ დაზუსტებული პასუხი არ აქვთ.
„მოსახლეობასთან კონტაქტი აქვთ ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებებს, ეს სამსახურები, ამ ეტაპზე, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ხახლმრავლობა არ იყოს, ტელეფონით იურთიერთონ. ახლა შეხვედრები მიმდინარეობს და დანარჩენ ინფორმაციას შემდეგ გეტყვით“,- გვითხრეს ახალციხის მერიაში.
„ამ ეტაპზე საჭიროებას ვერ ვხედავთ, თუმცა ვმსჯელობთ და დღის ბოლოს გვეცოდინება პასუხი“,- გვითხრა ასპიძნის მუნიციპალიტეტის მერის მადგილემ ლევან ბერიძემ.
დღეს, 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანციური მუშაობის რეჟიმი გამოიყენონ.
მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.