საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვა რეგიონებში გადათამაშება მოხდა და 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დამატებით რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი და კანონპროექტი დაახლოებით ერთ საათში მზად იქნება.
მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც თითოეული რეგიონისა და ოლქის საკითხი გაიარეს.
„ყველა საკითხზე პრინციპულად შევთანხმდით, რამდენიმე ტექნიკური დეტალია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. ოლქების განაწილებაზე პრინციპულად შეთანხმებული ვართ, მათ შორის იმაზე, თბილისს და რეგიონებს თუ რამდენი მანდატი ეკუთვნის. სხვა რეგიონებში გადათამაშება მოვახერხეთ და თბილისში 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება. თბილისში არის ექვსი შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული რაიონი, არის შედარებით ოთხი მცირე რაიონი და მოხდება ოთხი რაიონის დაწყვილება“ ,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად “ქართული ოცნების” განცხადებით, თბილისში 7 მაჟორიტარულ ოლქი ჩამოყალიბდებოდა, რასაც ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.
ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: თბილისი – 7, მცხეთა-მთიანეთი- 1, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 2, შიდა ქართლი – 2, იმერეთი – 4, სამეგრელო – 3, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 1, აჭარა – 3, გურია – 1.
მისივე თქმით, თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქნება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება: იქნება 1%-იანი ბარიერი, ამომრჩევლები პროპორციული წესით 120 და მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატს აირჩევენ.