ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება: იქნება 1%-იანი ბარიერი, ამომრჩევლები პროპორციული წესით 120 და მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატს აირჩევენ.
„ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ამ შეთანხმებას შეასრულებს და ოთხშაბათს, 11 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტში წარადგენს. ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, როგორ გადანაწილდება ახალ საარჩევნო მოდელში 30 მაჟორიტარული ოლქი.
ჯერჯერობით, ამ საკითხზე შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა, ზოგადი წესი და სავარაუდო ვარიანტები უკვე არსებობს.
მაჟორიტარული ოლქების საზღვრების საკითხზე ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის კონსულტაციები სამშაბათს იწყება, თუმცა, წინასწარი შეთანხმებით, დადგენილია, რომ 30-მდე დაყვანილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად თანაზომადობის პრინციპით უნდა დადგინდეს, რაც, სტანდარტულად, 110 000-120 000 ამომრჩეველზე ერთ მაჟორიტარულ ოლქს გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურველია, საზღვრების გადანაწილება აისახოს იმ პროექტში, რომელიც ოთხშაბათამდე ან ოთხშაბათს იქნება ინიცირებული.
„ჩვენ, ალბათ, ხვალინდელ დღეს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავსხდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და განვსაზღვროთ ოლქების საზღვრები. ეს არის არსებითად ტექნიკური საკითხი. დიდი ლავირების საშუალებას არ ტოვებს ის პრინციპი, რომელზეც შევჯერდით, ანუ საუბარია ევროსაბჭოს რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც, უნდა იყოს დაცული თანაბრობის პრინციპი. თანაბრობის პრინციპი იქნება დაცული.
30 ოლქზე უნდა გადანაწილდეს, განისაზღვროს საზღვრები. თბილისს უწევს 7-8 მანდატი იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება ზუსტად საზღვრები. რამდენიმე ქალაქს უწევს თითო მანდატი – ეს არის ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს საზღვრების გადანაწილების, თუმცა, ლავირების საშუალება მაინცდამაინც დიდი არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ერთი რეგიონი უნდა იყოს, ალბათ, ერთი საარჩევნო ოლქი. მაგალითად, მთელი გურია იქნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, ასევე მცხეთა-მთიანეთიც. სხვა შემთხვევაში, ორ ნაწილად, სამ ნაწილად, ოთხ ნაწილად შეიძლება გაიყოს რეგიონები. მაგალითად, იმერეთი უნდა გაიყოს 4 საარჩევნო ოლქად. კახეთი იქნება 3 საარჩევნო ოლქი და ა.შ. გამონაკლისი იქნება დაშვებული მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან მიმართებით და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებთან მიმართებით. რაც შეეხება დასავლეთის მთიანეთს, აქ დღესაც არის ჩამოყალიბებული 1 ოლქი, ეს არის მსხვილი ოლქი, სადაც შედის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები და მაღალი ალბათობით, ეს ოლქი არსებული სახით შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ აქ გადახრა არის შედარებით მეტი, ვიდრე არის 15%. ამ შემთხვევაში მაღალმთიან მუნიციალიტეტთან გვაქვს საქმე და შესაბამისად, უფრო მაღალი გადახრა არის დასაშვები ევროსაბჭოს რეკომედაციების მიხედვით. ნებისმიერი კონსულტაციისთვის მზად ვართ. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ტექნიკური საკითხია და დარწმუნებული ვარ, ამაზე შეთანხმება არ გაგვიჭრდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 8 აპრილს ხელმოწერილ მემორანდუმში წერია, რომ 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად, ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად.
2018 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 528 658 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 150 დეპუტატიდან 77 აირჩევა პროპორციული სისტემით, 73 – მაჟორიტარულით. ამ პირობებში, დაახლოებით, 48 ათასი ამომრჩეველი იყო თითო მაჟორიტარულ ოლქში.
30 მაჟორიტარულ ოლქად დაყოფისას სტანდარტულად 110 000-120 000 ამომრჩეველი გაითვლება ერთი ოლქის შესაქმნელად, პლუს-მინუს 10%-იანი სხვაობით. ითქვა, რომ ასევე იქნება 2 გამონაკლისი, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებისთვის და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომ მათ 110 000 ამომრჩევლის აუცილებელი დათქმის გარეშე მიეცეთ მანდატები პარლამენტში მოსახვედრად.
რეგიონების მიხედვით 30 მაჟორიტარული მანდატის გადანაწილების სავარაუდო სქემა ასეთია:
თბილისში, შესაძლოა, 7 ან 8 მაჟორიტარული ოლქი დარჩეს. 7 ოლქის შემთხვევაში თბილისში გაერთიანდება – ისანი-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ვაკე-მთაწმინდა. ცალკე ოლქები იქნება – გლდანი, ნაძალადევი, სამგორი და საბურთალო. 8 ოლქის შემთხვევაში გაერთიანდება – მთაწმინდა-კრწანისი, დიდუბე-ჩუღურეთი. ცალკე ოლქები იქნება – ისანი, ვაკე, გლდანი, ნაძალადევი, სამგორი და საბურთალო.
კახეთში, სავარაუდოდ, 3 ოლქი იქნება: სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო, თელავი-ახმეტა და გურჯაანი-ლაგოდეხი-ყვარელი.
ქვემო ქართლში 3 ოლქი: მარნეული-გარდაბანი, ბოლნისი-დმანისი, თეთრიწყარო-რუსთავი.
შიდა ქართლში 2 ოლქი: გორი-კასპი და ხაშური-ქარელი.
სამცხე-ჯავახეთში 2 ოლქი: ახალქალაქი-ნინოწმინდა და ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომი.
თითო-თითო ოლქი იქნება: რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი და გურია.
იმერეთში 4 ოლქი იქნება: ქუთაისი, წყალტუბო-სამტრედია-ხონი, საჩხერე-ჭიათურა-თერჯოლა-ტყიბული და ზესტაფონი-ხარაგაული-ბაღდათი-ვანი.
აჭარაში 3 ოლქი: ბათუმი, ქობულეთი-ხელვაჩაური და ხულო-შუახევი-ქედა.
სამეგრელოში 3 ოლქი: ზუგდიდი, ფოთი-ხობი-სენაკი და წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშა.
თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია. პოლიტიკური ძალები მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე კონკრეტულ ვარიანტებს დღეს, 10 მარტს წარადგენენ.
რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და როგორ წარმოდგენიათ მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება?
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ 8 მარტის მემორანდუმის თანახმად, 30 ოლქის განაწილებისას თანაზომადობის პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული და დაახლოებით 100 ათას ამომრჩეველზე იქნება ერთი ოლქი. ამასთანავე, რამდენიმე გამონაკლისიც იქნება დაშვებული.
„გამონაკლისი ეხება მთის რეგიონებს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, ეს გამოყენებული იქნება დასავლეთ საქართველოს მთიანეთთან დაკავშირებით და ასევე, სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით, რომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტში გარანტირებულად მოხვდნენ. სხვა ყველა ოლქი იქნება თანაზომადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ანუ, ყველა ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება თითქმის თანაბარი, დაახლოებით 100 ათას ამომრჩეველზე ერთი მანდატი.
ამომრჩეველთა რაოდენობაში მითითებულია – 3,5 მილიონი და 73 მაჟორიტარული ოლქის პირობებში 48 000 ამომრჩეველი იყო თითო ოლქში. 30 ოლქამდე დაყვანა ნიშნავს, რომ პროპორციულად გაიზრდება ამომრჩეველთა რაოდენობა, დაახლოებით, 100 000-ის მიდამოებში. მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური – ეს ერთი საარჩევნო ოლქია და ეს ოლქი ვერ იქნება სტანდარტული რაოდენობის ამქაჩავი, ამიტომ შეეხება გამონაკლისი. რა ფორმით იქნება, ოლქები როგორ დაიჭრება, ამას ვნახავთ, როცა ხელისუფლება გამოაქვეყნებს მის დამოკიდებულებებს.გასათვალისწინებელია, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული მხარეების ფარგლებში ოლქების დაყოფა. კახეთი, შიდა ქართლი, ოლქები და ა.შ.“,- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის ვარაუდით, თბილისში 9 ოლქი უნდა გამოვიდეს.
„30 ოლქიდან თბილისში 9 ოლქი გამოდის. 73 მაჟორიტარული მანდატის პირობებში თბილისში იყო 22 მანდატი და 30-ის პირობებში უწევს – 9. თბილისში არის საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 30%-ზე ოდნავ მეტი. სწორედ 73 მაჟორიტარული ოლქის 30% არის 22 ოლქი, რაც არის დღეს თბილისში. 30 ოლქის 22% კი არის – 9. ასე რომ, 9 ოლქი ეკუთვნის თბილისს, თუ დააპირებენ დაკლებას, ამისთვის ძალიან სერიოზული არგუმენტები დასჭირდებათ. მაშინ ამომრჩეველთა სხვა რაოდენობა უნდა დააფიქსირონ. დღევანდელი მონაცემებით და ამ პროპორციებით თბილისს მკაფიოდ ეკუთვნის 9 ოლქი.
ხელისუფლება ეცდება, რომ თბილისში იყოს უფრო ნაკლები, თუმცა, ამ მცდელობაში შეზღუდულია, ამიტომ შეიძლება ერთი მანდატით ნაკლები აღმოჩნდეს თბილისში, ვიდრე ეკუთვნის, მაგრამ ბევრად ნაკლები ვერ იქნება. ჩვენი ინფორმაციით, საერთოდ 5 ოლქის დატოვებას აპირებდნენ თბილისში, როცა 40 ოლქად დაჭრეს, მაგრამ სწორედ ოპოზიციურმა სიფხიზლემ და დასავლეთის მხარდაჭერამ უზრუნველყო ის, რომ შეთანხმებაში ჩაიწერა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილება მაჟორიტარული ოლქების,“- ამბობს ბერძენიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, როგორი იქნება ოლქების საზღვრები, ჯერ კონკრეტული საუბარი ამაზე არ ყოფილა, თუმცა, თანაზომადობის პრინციპით, თითო ოლქს 110 000-დან 120 000-მდე ამომრჩეველი უწევს.
„საქართველოში სიით 3,5 მილიონი ამომრჩეველია. შესაბამისად, 3,5 მილიონი 30 ოლქზე უნდა გავყოთ ტერიტორიული პრინციპით. ეს ყველაზე სამართლიანია და 110 000-დან 120 000 -მდე ამომრჩეველი უწევს თითო ოლქს. ეს არის ვენეციის კომისიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამას ვერ გაექცევა ვერც ერთი ხელისუფლება.
ამასთან, ამომრჩევლის რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტში ცნობილია და ამდენად, მარტივად დასადგენია ოლქების საზღვრები. საქართველო დღევანდელი რეგიონული მოწყობის მიხედვით, ყველა რეგიონი, ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით, აკმაყოფილებს მინიმუმ 1 მანდატისთვის საკმარისი ამომრჩევლის რიცხვს. მაგალითად, გურია შედგება 3 მუნიციპალიტეტისგან და ამომრჩევლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ 1 მაჟორიტარი აირჩიონ. ისევე, როგორც მცხეთა-მთიანეთში,“- ამბობს კირკიტაძე.
მისი გამოანგარიშებით, რეგიონების მიხედვით 30 მანდატის გადანაწილება შესაძლებელია ასე: თბილისი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 1, კახეთი – 3 მანდატი, ქვემო ქართლი – 3 მანდატი, შიდა ქართლი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 2, იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი – 4-5, სამეგრელო – 3, აჭარა – 3, გურია – 1.
კირკიტაძე ამბობს, რომ, თუ ხელისუფლება დააპირებს რაღაც ხრიკებს მიმართოს, ამის შესახებ საჯაროდ იტყვიან.
„მაგალითად, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დიდ ქალაქებს აგებს, თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს და როდესაც შემოგვთავაზეს 110/40-ზე სისტემა, მაშინ თბილისისთვის მხოლოდ 5 მანდატს იმეტებდნენ. ანუ, სადაც იციან, რომ აგებენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, მანდატების რაოდენობა შეემცირებინათ, რაც არასამართლიანი იყო. მსგავს ხრიკებზე გაჩერებას არავინ არ აპირებს.
11 მარტს საკონსტიტუციო ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა, ამ დროს აუცილებელი არ არის ოლქები განსაზღვრული იყოს. ცვლილება უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში, სადაც ჩამოთვლილი იქნება ოლქები და ამ ოლქების ტერიტორიული საზღვრები და სადაც შესაბამისად მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა რაოდენობა,“- დასძენს კირკიტაძე.