9 მარტს კარწახში მცხოვრები 50–მდე პირი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში წყალი არ აქვთ და ამ პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარება ჭირდებათ.
ადგილობრივები ამბობენ, კარწახში მხოლოდ ერთი წყაროა და მთელი სოფელი იქიდან ეზიდება. აღნიშნულ ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
„ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარი წყალია, გვინდა ჩვენს სახლებშიც წყალი მოდიოდეს. ზოგს ეზოში ჭა აქვს, მაგრამ ძალიან ჭუჭყიანია“,– ამბობს ადგილობრივი აგას კალოიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, სასმელი წყლის პრობლემის შესახებ იცის, პროექტიც მზად აქვს და სახელმწიფოსგან დაფინანსებას ელოდება, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა.
პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 300 000 ლარია საჭირო.