აუდიტი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ნაწილს წყალი ჭებიდან და ჭაბურღილებიდან მიეწოდება, რომლებიც არ იწმინდება

532

წინა სტატია

შემდეგი სტატია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით, მოსახლეობის ნაწილი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით; მიწოდებული წყალი კი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის 17 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ წყალტუბოსა და 6 თემის მოსახლეობის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დანარჩენი 11 თემის მოსახლეობის წყალმომარაგება ფუნქციურად არ ევალება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არც ერთ სუბიექტს.

მიუხედავად იმისა, რომ სასმელი წყლის სისტემების დაფინანსება მიჩნეულია ერთ-ერთ პრიორიტეტად, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა დახარჯა მხოლოდ 106.8 ათასი ლარი. აქედან, 19.8 ათასი ლარი მოდის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე.

შედეგად, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კერძოდ, მუნიციპალიტეტის 49 სოფელში მცხოვრები 17 272 ოჯახიდან წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდება 14 335 ოჯახს, აქედან, 6 530 ოჯახს − გრაფიკით ან/და შეფერხებით. 2 937 ოჯახს კი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას. ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის დაქლორვის საშუალებებით. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება.

2019 წელსა და 2021 წელს ა(ი)იპ − წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაკვეთით ბაღებში ჩატარებულია სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევები. 2019 წელს აღებული წყლის 56 ნიმუშიდან, ნორმიდან გადახრა გამოვლინდა 11 შემთხვევაში. 2021 წელს შემოწმებული 23 ნიმუშიდან, ნორმიდან გადახრა გამოვლინდა 6 შემთხვევაში. ხარვეზები გამოვლინდა იმ ბაღებში, რომელთაც წყალი მიეწოდებათ ჭებიდან და ჭაბურღილებიდან.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების სხვადასხვა პრობლემა: მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს, მუნიციპალიტეტის მიერგატარებული ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად არასაკმარისია.

აუდიტის რეკომენდაციაა,წყალტუბოს მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის შემოწმებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.