ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გადასახადის შემცირებას ითხოვენ

825

შემდეგი სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი სახელფასო სისტემის შეცვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ დამსაქმებელი მათ ყოველდღიურ გადასახადს უძვირებს. უწევთ მინიმუმ 30-34 ლარის გადახდა, რაც მძიმე ტვირთად აწვებათ ისედაც მცირე ანაზღაურებაზე მომუშავეებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„სახლში ორი შვილი მყავს და რამე ხომ უნდა მივიტანო და ხომ უნდა ვაჭამო?! დარჩენილი 19 ლარით რა მივიტანო? გეგმა გაგვიზარდეს, 34 ლარია შესატანი. ჩვენ ამ პირობით არ ვიმუშავებთ, ალბათ სხვას დასვამენ, არ ვიცი“, – ამბობს ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი.

ადგილზე მყოფმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მერიასთან ერთად უკვე იმსჯელეს და მძღოლებს გადასახადი არ გაეზრდებათ.

„მძღოლები ხელფასის გამომუშავებით სისტემაზე არიან. ჩვენ საკრებულომ და მერიამ მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სისტემა არის შესაცვლელი. ყველა ავტობუსს უნდა დაუმონტაჟდეს გადახდის აპარატები, რაც მოაწესრიგებს თვითონ გადახდის პროცესს და მძღოლების სახელფასო სისტემას“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მისივე სიტყვებით, ახალ სისტემაზე გადასვლას, დაახლოებით, 2 თვე დასჭირდება და ამ ხნის მანძილზე დასაქმებულები ადრე არსებული პირობებით ისარგებლებენ, რაც მათთვის მისაღებია.

მამუკა წოწერიას განმარტებითვე, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის დაგეგმილია ახალი სერვისცენტრის მოწყობაც. ამბობს, რომ ადგილი უკვე შერჩეულია და დასრულებულია ტენდერიც.

„ძალიან მალე დაიწყება სერვისცენტრის მშენებლობა. პლუს ამას, ასევე დაემატება 25 ახალი ავტობუსი. ასე რომ ყველა პირობა შეიქმნება“, – განაცხადა წოწერიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ დილიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად იმუშავებს.