მეთექვსმეტე საუკუნის გრემის მთავარანგელოზთა მამათა მონასტერთან ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
ისინი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ტურისტული ობიექტის აშენებას აპროტესტებენ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორიაზე შემოტანილი ტექნიკა ტაძარს დანგრევის საფრთხეს უქმნის.
ამ მოსაზრებას იზიარებს გრემის მღვდელმონაზონი იოანე. მისი თქმით, ტაძრის გუმბათიდან ბათქაში ჩამოცვივდა.
,,ტაძარში ვიყავით და ვლოცულობდით, დაბლა მდელოზე ტექნიკამ წყლისთვის მიწის დაბურღვა რომ დაიწყო, არ გასულა დიდი დრო და გუმბათიდან ჩამოიშალა და თავზე დაგვეყარა ბათქაში”, – ამბობს მამა იოანე.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერიტორიის გასხვისების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.
სამუშაოები კულტურის სამინისტროს ჩარევის შემდეგ ორი დღეა შეჩერებულია და დღეს ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან.