ახალციხეში, ქუჩაზე, სადაც უძველესი სინაგოგაა, გარე განათება არ არის. ებრაული საზოგადოების თავმჯდომარე, სიმონ ლევიშვილი ამბობს, რომ საღამოს ტურისტებს გადაადგილება უჭირთ. გარდა ამისა, იგი პერიმეტრის გასაკონტროლებლად ვიდეო თვალის დამონტაჟებას ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხეში რაბათის დასახლების ქუჩების ნაწილში გარეგანათება არ არის. მათ შორისაა დავით გუგრამიშვილის ქუჩა, სადაც საქრთველოში უძველესი, პირველი სინაგოგა მდებარეობს და რომლის სანახავადაც ტურისტები ხშირად დადიან.
გურამიშვილის მცხოვრებლები ამბობენ, რომ განათების მოწყობას ადგილობრივი თვითმმართველობას უკვე დიდი ხანია სთხოვენ.
ყველაზე მეტად კი ეს პრობლემა სინაგოგის ერთადერთ მცველს, სიმონ ლევიშვილს აწუხებს. იგი შენობას წლებია უვლის: „უბანში განათება არ არსებობს. არადა ყველაზე მეტი ტურისტი ახალციხეს ისრაელიდან ჰყავს და ისინი რომ მოდიან და სინაგოგიდან საღამოს გადიან, ფეხს იმტვრევენ. უმეტესობა მოხუცი ხალხია, 70-75 წლის, ამიტომ უჭირთ სიბნელეში გადაადგილება“, – ამბობს ლევიშვილი.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, ახალციხის მერიას მიმართა და გარე განათებასთან ერთად ვიდეო კამერის დამონტაჟებაც მოითხოვა, რადგან ფიქრობს, რომ ისტორიული შენობის პერიმეტრი უნდა კონტროლდებოდეს: „სინაგოგის გვერდზე მოედანი გააკეთეს, ღობე ამაღლებული არა რის, ბურთი სულ უვარდებათ აქეთ, მერე ბავშვები ადიან სინაგოგის სახურავზე და დაიმტვრა მასალა. ადრე იყო გაქურდვის შემთხვევებიც, ამიტომ დაცულად რომ ვგრძნობდეთ თავს, არის ბოძი, რომლეზეც შეიძლება ვიდეო კამერის დაყენება და პერიმეტრის გაკონტროლება. მივედი პირადად და ვთხოვე ამისი გაკეთება, მაგრამ ვერ გაგიკეთებთო მითხრეს“.
ლევიშვილი ამბობს, რომ საფრთხის არსებობის გამო, სინაგოგის დარაჯი აიყვანა, რომელსაც ანაზღაურებას ტურისტებისგან სინაგოგისთვის შეწირული თანხით უხდის, რადგან დაფინანსების წყარო არსაიდან აქვს.
„მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრამდე შემოდიან ტურისტები და ამით ვარსებობთ. შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს, ყულაბებში თუ ყრიან რამეს ესაა. მარტო ერთი თხოვნა მაქვს, განათება იყოს და ვიდეოთვალი“.
ახალციხის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ რაბათის უბანში გარე განათების სამუშაოები დაიწყება. გურამიშვილისა და გოგებაშვილის ქუჩებისთვის ერთი ტენდერია გამოცხადებული.
მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ, ზებურ აბულაძემ მიიღო. თუმცა ამ დროისათვის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გურამიშვილის ქუჩაზე 99 ცალი ანძა დამონტაჯდება, გოგებაშვილზე კი 75. სამუშაოების ღირებულება 182 356 ლარია.
რაც შეეხება იმას, დამონტაჟდება თუ არა ვიდეო კამერა პერიმეტრის გასაკონტროლებლად, ამის შესახებ ახალციხის მერიაში პასუხი არ აქვთ.