ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

668

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტელიასა, და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ლიპარტელიასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 სთ-ზე ჩაინიშნა.

ლიპარტია, გოგიჩაიშვილი და ულუმბეგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 თებერვალს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით 200 000 ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 20 000 ლარი გამოართვა. უწყების ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი სამართალდამცველებმა ფულის აღების ფაქტზე დააკავეს.

რაც შეეხება იმავე დღეს, თუმცა სხვა საქმეზე დაკავებული ლიპარტიას საქმეს, სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 000 ლარი გამოართვა.

მათივე ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ იცოდა ბორჯომის მერის მეგობარმა, გიორგი ულუმბეგაშვილმა, თუმცა მან სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

გამოძიება, რომელსაც ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).