სოხუმის რეჟიმი: საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვები 7 აპრილამდე იმოქმედებს

549

სტატიის გაგრძელება

სოხუმში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის დეფაქტო მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ “რესპუბლიკაში ახორციელებენ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგს” და უკვე მიიღეს დამატებითი ზომები ენგურის ე.წ. საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე სანიტარული – საკარანტინო კონტროლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

გამოცემა “აფსადგილ ინფოს” ცნობით, მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა დასძინა, რომ მალე რუსი კოლეგებისგან 500 ცალ ტესტ – სისტემას მიიღებენ კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის. გარდა ამისა, შეზღუდვები, რომლებიც იანვრის ბოლოს დაწესდა “უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, 7 აპრილამდე გაგრძელდება.

28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრემიერ – მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, “ფსოუსა” და “ენგურის” ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ “აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე”.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები 27 მარტამდე იმოქმედებს.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.