სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

1202

წინა სტატია

კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება აკრძალა. როგორც „ლაივპრესს“ გალის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ე.წ. მესაზღვრეებმა ენგურის გამშვები პუნქტი დღეს დაახლოებით 13:00 საათზე ჩაკეტეს.

„ჯერ-ჯერობით ორმხრივად არის ჩაკეტილი. არც აქეთ უშვებენ და არც იქით, გალში. ზუსტად არავინ იცის როდემდე იქნება ასე“, – უთხრა „ლაივპრესს“ სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრებმა ციალა არონიამ.

დღეს დილით ენგურის ხიდზე გადაადგილებას გალელები შეზღუდვების გარეშე ახერხებდნენ, თუმცა ხიდის ჩაკეტვის მოლოდინი უკვე ჰქონდათ.

26 თებერვალს სოხუმში გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს შესვლა და ასევე ტერიტორიიდან გასვლასაც აეკრძალება. დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა „პარლამენტში“ სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდა და მოქალაქეებს მოუწოდა „საზღვარგარეთ მოგზაურობისგან“ თავის შეკავებისკენაც. სოხუმი იუწყება რომ შეზღუდვები აპრილის თვეში მოიხსნება.