ჩვენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნებს თუ დავძლევთ ვეტოს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
“იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონპროექტი, რომელთაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პროგრესული და კარგია და, ზოგადად, ხშირია პრეზიდენტის მხრიდან ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების პრეცედენტები, მის თითოეულ შენიშვნას გულისყურით და დეტალურად განვიხილავთ. ამის შემდეგ გვექნება ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. დეტალურ განცხადებებსა და შეფასებებსაც მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გავეცნობით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.