ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მერვე დღეა შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაში არსებული მაღაროები პარალიზებული აქვთ და პროტესტს აგრძელებენ.
მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
“ვიბრძვით ბოლომდე ჩვენი მოთხოვნები სანამ არ შესრულდება და რაც მთავარია მთელი სოფელი ერთიანია ამ ბრძოლაში”, – ამბობს აქციიის ერთ-ერთი მონაწილე, ჯანო ლაბაძე.
ადგილობრივებს გამაფრთხილებელი აქცია 22 თებერვალს ჭიათურის მერიასთანაც გამართეს და ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
“მიუხედავად იმისა, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია).
კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი – “საინჟინრო კვლევების ცენტრი” დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება “ჯორჯიან მანგანეზის” საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული”, – აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.
შუქრუთში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), მწვანე ალტერნატივამ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ისინი სახელმწიფოს პრობლემის აღმოფხვრაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.