ეკოლოგიური საფრთხე ციხისძირში და მოსახლეობის პროტესტი

352

გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენების და ამ უკანასკნელისთვის გამზადებული ორმოების დასაცავად ციხისძირში ათობით სამართალდამცავი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს. აქ მცხოვრებლებს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება მას შემდეგ აღუკვეთეს, რაც გადამუშავებული მანდარინის ნარჩენების დაყრას წინააღმდეგობა გაუწიეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით ას მეტრში, ტონობით მანდარინის ნარჩენებს ქობულეთში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ყრის, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ფაქტი აღკვეთონ, მათ ინტერესებს იცავენ. აქ იმდენად გაუსაძლისი სუნია, რომ ტერიტორიაზე გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ფაქტია, რომ ქობულეთის ახლადარჩეულ მერს მუნიციპალიტეტში არსებული მსგავსი მდგომარეობა დისკომფორტს არ უქმნის.

ვიდრე კარგი ამინდია, მოქალაქეები შედარებით მშვიდად არიან, თუმცა ფიქრობენ, რომ უხვი ნალექის დროს ორმოებში ჩაყრილი მანდარინის ნარჩენები გზაზე გადავა და იქვე მდებარე მდინარეს შეუერთდება. საქმე იმაშია, რომ გამდინარე წყლით მოქალაქეები სარგებლობენ და წყალი პირდაპირ მათ ონკანებში მოედინება.

რა საფრთხე ემუქრება გარემოს და მოქალაქეების ჯანმრთელობას? ეკოლოგის განმარტებით, ნარჩენების მიწისქვეშ განთავსება შიდაგრუნტის წყლების დააბინძურებას იწვევს. მაშინ, როდესაც ნარჩენები ლპობას დაიწყებს, მავნე აირების ემისია მოხდება და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ საწარმოს გადამუშავებული მანდარინის ნარჩენების დაყრის უფლებას, ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ქობულეთის ყოფილი მერიც აძლევდა. იგივე პრაქტიკას აგრძელებს ლევან ზოიძეც. მედიასთან კომუნიკაბელურობის დაპირების მიუხედავად, ახლადარჩეული მერი წინამორბედის ტრადიციას აგრძელებს და კამერის წინ დადგომის ნაცვლად კითხვებს წერილობით პასუხობს. პასუხიც მოკლე და მათზე მორგებულია. გასამართლებელი არგუმენტი კი ისაა, რომ ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიუხეადავად იმისა, რომ ფაქტი მოქალაქეების ჯანრთელობისთვის სახფათოა, უწყებაში გვიმტკიცებენ, რომ ნარჩენების განთავსებით საფრთხე არავის ექმნება.

აქვს თუ არა ქობულეთში მდებარე, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოს შესაბამისი ნებართვა იმისთვის, რომ ღია ცის ქვეშ ნარჩენები განათავსოს უცნობია. საკითხის გასარკვევად „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს“ დავუკავშირდით. აქ, მხოლოდ სიტყვიერად განმარტეს, რომ ფაქტზე საქმისწარმოება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან.