ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლოებას ერთ კვირაზე მეტია სოფელში არსებული 17-ვე მაღარო პიკეტირებული აქვს. ისინი მაღაროების მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ მაღაროებში მუშაობის განახლების უფლებს არ მისცემენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი დათმობაზე მიდიან და ხუთპუნქტიანი ვალდებულების შესრულებას სთავაზობენ. ეს შეთავაზებები ასეთია:
1. მხარეები აღიარებენ ჩამოქცევის ზონების, როგორც მოცემულობის არსებობას;
2. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ ქონებისადმი მიყენებული ზიანი, რომელიც არსებულ ჩამოქცევის ზონებში ექცევა, სადაც კომპანია მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ან სამომავლოდ განახორციელებს;
3. კომპანია განსაზღვრავს მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიასა და გეგმა-გრაფიკს;
4. ქონება შეფასდება მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, ჩანაცვლების მეთოდის გამოყენებით;
5. მოსახლეობასთან ზიანის ანაზღაურების საკითხზე გაფორმდება ინდივიდუალური შეთანხმებები.
კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ 24 თებერვალს, “ჯორჯიან მანგანეზმა” შუქრუთის მოსახლეობის 7 ოჯახს (დამუშავების პირველი ეტაპის ზონაში მოქცეული ოჯახები) ხელშეკრულების პირობების გაცნობისა და მისი გაფორმების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
შუქრუთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ სოფელში მცხოვრები 282-ვე დაზარალებულ ოჯახის კომპენსაცია არ მოხდება. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ოსეფაშვილის თქმით, “ჯორჯიან მანგანეზისგან” მოტყუებას მიჩვეულები არიან, ამიტომ სანამ კომპანია არ განაცხადებს, რომ შუქრუთში მცხოვრებ ყველა დაზარალებულ ოჯახს ზიანს აუნაზღაურებს, მოლაპარაკებებზე არ წავლენ.
“ან უკლებლივ ყველას აუნაზღაურებენ ზარალს, ან წავლენ აქედან. არც კი განვიხილავთ აქციების შეწყვეტას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – ამბობს გიორგი ოსეფაშვილი.
შუქრუთელები უკვე მეათე დღეა “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ აქციებს მართავენ. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით მათ პროტესტი გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.
მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები “ჯორჯიან მანგანეზს” შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.