ზუგდიდის საბავშვო ბაღებში მშობლებს ჟურნალების შეძენა უწევთ

754

შემდეგი სტატია

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში მშობლებს პერიოდული გამოცემის შეძენა უწევთ. ამჯერად ბაღის აღმზრდელებმა 6 ლარად ღირებული ჟურნალი ბავშვებს ისე დაურიგეს, რომ მშობელი ინფორმირებული არ ყოფილა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთმა მშობელმა, რომლის ვინაობას მისივე სურვილით არ სახელდება, თქვა, რომ შვილები სხვადასხვა საბავშვო ბაღში დაჰყავს და ორივემ ერთიდაიგივე გამოცემის ჟურნალი სახლში მიიტანა.

“მართალია ჟურნალები შინაარსობრივად განსხვავებული იყო ბავშვების ასაკის შესაბამისად, მაგრამ რატომ უნდა ვყიდულობდე ჟურნალს საჯარო ბაღში?! სანამ ბავშვებს დაურიგებდნენ ჩვენთან უნდა შეეთანხმებინათ. შვილებს წიგნებს მაღაზიაში ისედაც ვყიდულობ”, – ამბობს მშობელი.

ორი შვილის დედის მსგავსად, კიდევ ერთ მშობელს ბაღში ჟურნალის მიბრუნების მოერიდა და იძულებული გახდა ეყიდა. თუმცა, სახლში მისი ქონის უცილებლობა ვერ დაინახა, რადგან სასკოლო მზაობის ჯგუფში (წინასასკოლო კლასი) ამ პროგრამას ისედაც გადიან და იქვე ასწავლიან.

გაეროს ბავშვთა ფონდის [უნისეფი] სკოლამდელი განათლების პროგრამის სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ნებისმიერი რამ, რაც სკოლამდელ საჯარო განათლებას სჭირდება, მათ შორის საბავშვო წიგნები, სათამაშოები, თუ სხვა, უპირობოდ უნდა იყოს უფასო და არ უნდა მოხდეს ბავშვის ან ოჯახის დავალდებულება რაიმე ფორმით, რომ მათ შეიძინონ და ისარგებლონ ამ რესურსით.

ჯანელიძის თქმით, არ არის აუცილებელი დაწესებულებამ ჟურნალი ყველა ბავშვისთვის შეიძინოს. მისივე სიტყვებით, სავსებით საკმარისი იქნება 2-3 ცალი ჰქონდეთ და ჯგუფებმა მორიგეობით ისარგებლონ. იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობის ჟურნალსაც ვერ ყიდულობენ, სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს დახმარებისთვის.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის საქციელით გაბრაზებულია ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი.

“ეს [ჟურნალი] სახლში არ არის საჭირო, კლასში სამუშაოა. აღმზრდელს უნდა ეთქვა მშობლისთვის, არ ვიცი რატომ არ უთხრა. 62 ბაღია, აქედან 5 მზაობის ჯგუფი და ყველა გაფრთხილებული მყავს. ამაზე აღმზრდელს ვეტყვი საყვედურს”, – უთხრა “ლაივპრესს” ხათუნა თოლორაიამ.

ჟურნალის შინაარსობრივი შეფასებისას, რომელიც მშობლებმა ბაღებში იძულებით იყიდეს, დირექტორი ამბობს, რომ მეთოდურად კარგია და შეთანხმებულია პროგრამასთან. მისივე თქმით, სხვა დაინტერესება, გარდა საგანმანათლებლოსი, მის გავრცელებაში არ აქვს.

ჟურნალი “სკოლამდელები” 2019 წლიდან ორ-თვეში ერთხელ გამოდის. ჟურნალის რედაქტორმა, ზუგდიდის მცხოვრებმა ნონა ხორავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს გამოცემის გავრცელების პროექტით მიმართა და თანხმობაც მიიღო. ის ამბობს, რომ ჟურნალი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ საჯარო ბაღებში გაავრცელა.