თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.
მისივე თქმით, თუ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.
“ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი”,- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა შეხვდეს როგორც ცალკეულ პარტიას, ასევე, გაერთიანებულ ოპოზიციას.
“ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან თუ ექნებათ სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ”, – განაცხადა კალაძემ.
გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.
ოპოზიციასა და მმართელ პარიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.
“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.