კალაძე: არსებული საარჩევნო სისტემა, ან 100/50-ზე სისტემა იდეალურია… 2024-ში პროპორციულზე გადასვლაც შესაცვლელია

547

შემდეგი სტატია

დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

შეკითხვაზე, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირების შეუსრულებლობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია და საზოგადოებას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებს.

მისივე თქმით, მხარს უჭერდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, თუმცა როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

როგორ კალაძე ამბობს, ის პროპორციულ სისტემას მხარს უჭერდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების ქმედებებიდან გამომდინარე, აზრი შეიცვალა და პროპორციული საარჩევნო სისტემაში ქვეყნის არასტაბილურობის საფრთხე დაინახა.

“მე ვიყავი ერთ-ერთი მხარდამჭერი, ვინც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას და მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის არსებული სისტემა, ან სისტემა, რომელიც არის შეთავაზებული 100/50-ზე არის იდეალური. ვფიქრობ, 2024-შიც უნდა განხორციელდეს ცვლილებები. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვექნება, ამ ცვლილების განხორციელება, ალბათ, რთული იქნება. რომ იყოს შესაძლებლობა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განსახორციელებელია. დღეს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს“ “, — განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელსაც არ განხორციელდეს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შემთხვევაში შეიტანდა თუ არა „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში ცვლილებას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„პარტიაში ამაზე არ მისაუბრია. ეს ჩემი პოზიციაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ოპოზიციასა და მმართელ პარიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.

“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.