ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშისა და აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 500, ხოლო სიგანე 5 მეტრია. გზასთან ერთად ოდიშში სანიაღვრე არხიც მოეწყობა. დაიგება ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 201 600 ლარია.
გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ჯუმის ხიდიდან ცენტრამდე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2000 მეტრი სიგრძის გზას. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 969 243 ლარს შეადგენს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისთის მიმდინარე წელსაც ინფრასტრუქტურა და, კერძოდ, სოფლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად რჩება. აბასთუმანსა და ოდიშში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. აბასთუმანის მოსახლეობას უკვე წლებია გზის პრობლემა აწუხებს და წელს ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. აბასთუმანის გზის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 1 000 000 ლარამდე, ხოლო ოდიშის გზის რეაბილიტაციაზე 201 600 ლარი დაიხარჯება“ – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.