ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განმარტებით, 2019 წელს სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მანამდე კი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ზაზა მელიქიძემ განაცხადა, სამუსიკო სკოლაში რემონტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გააკეთებენ. რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჯერ უცნობია, მერი ამბობს, რომ ჯერ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მომზადდება, შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება.
“ქალაქში თუკი რაიმე გვაქვს მუსიკის კუთხით, ეს არის ანსამბლები თუ სხვადასხვა გუნდი, ყველაფერი აქ განთავსდება. შენობაში საკმარისი ფართი გვაქვს”, – ამბობს მელიქიძე.
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლა ორი შენობისაგან შედგება. შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა, სკოლაში რემონტი აღარ ჩატარებულა.
აღნიშნული შენობა, 1829–1833 წლებში აშენდა და ორბელიანებს ეკუთვნოდათ. 1913 წლიდან აქ ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ საქმიანობდა და წლების მანძილზე ინტელექტუალების თავშეყრის ადგილიც იყო.
1919 წელს შენობიდან ძვირფასეულობა და მდიდარი ბიბლიოთეკა გაიძარცვა. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში შენობა გადაკეთდა და როგორც ისტორიკოსები გვიყვებიან, “ბლოკით მიაშენეს გვერდით ნაწილი, ამან კი სამწუხაროდ იერსახე დაუკარგა“.
აღნიშნულ შენობაში წლებია ახალციხის სამუსიკო სკოლა ფუნქციონირებს.